პრემიერი – “ანაკლიაში პორტთან ერთად ამბულატორია, საბავშვო ბაღი, ბიზნესცენტრი და სპორტული მოედნები აშენდება”

ანაკლიაში პორტთან ერთად სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის, ამბულატორია, საბავშვო ბაღი, ბიზნესცენტრი და სპორტული მოედნები აშენდება. ამის  შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ანაკლიაში ნავსადგურის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებელი ინვესტორი კომპანია, ზემოთხსენებულ ყველა ობიექტს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს.

“დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი უკვე ძალიან დიდი იმედით შეჰყურებს ამ პროექტს, რადგან ეს იქნება სტაბილური შემოსავლის წყარო ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. ანაკლიის პროექტით ჩვენ ვაჩენთ სრულიად რეალისტურ იმედს მოსახლეობაში. ამ პროექტის საშუალებით, თანდათანობით, ძალიან ბევრ ადამიანს ექნება სამუშაო და ბევრი ოჯახი ამოისუნთქებს. მინდა აღვნიშნო ხელშეკრულების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე – ინვესტორი იღებს ვალდებულებას, საკუთარი ხარჯით ააშენოს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოსცეს სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის, ამბულატორია, საბავშვო ბაღი, ბიზნესცენტრი და სპორტული მოედნები. ეს ყველაფერი მოემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას, რეგიონს, მთელს ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ, საქართველოს მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა.

 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი