ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან წავიდა

”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან წავიდა. წასვლის თაობაზე მან სპეციალური ბრიფინგი გამართა და  ჟურნალისტებს წასვლის მიზეზები განუმარტა.

„მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს, განსაკუთრებით გორის ამომრჩევლებს, თუმცა მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ შევაჩერო ჩემი კამპანია, რადგან ჩვენი შეთავაზებების შესრულებას სჭირდება გუნდი, რომელსაც უნდა ემუშავა პარლამენტში. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა. ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ აქტიურად მოვახდინო გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მივიღე გადაწვეტილება დროებით გავიდე პოლიტიკიდან“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ირაკლი ალასანიამ პარტია ”ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები” 2009 წელს დააფუძნა. 2012 წლის დასაწყისში ის კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა, ამავე წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლის 4 ნოემბრამდე კი საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო.

2004 წლის სექტემბრიდან 2006 წლის მარტამდე ალასანიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობები ეკავა. 2006 წელს ირაკლი ალასანია იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი