თავდაცვის სამინისტროს ორმა მაღალჩინოსანმა თანამდებობა დატოვა – წასვლის თაობაზე განცხადება ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალჩინოსნებმა სერგო ნინუამ და გიორგი ცაბაძემ თავად გააკეთეს.
როგორც ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა სერგო ნინუამ განაცხადა, თანამდებობები იმის გამო დატოვეს, რომ ჩატარდეს სრულყოფილი მოკვლევა, მათ მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, მანამდე კი ყველა იმ პირის დაკითხვას ითხოვენ, ვინც მათ მიმართ ბრალდებები გააჟღერეს.
”ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის წინააღდეგ, ბოლო პერიოდში დაწყებული მიზანმიმართული კამპანიისა და ჩვენს წინააღდეგ მედიაში გაჟღერებული ბრალდებების გამო, ჩვენ დროებით ვტოვებთ დაკავებულ თანამდებობებს და მოვითხოვთ, დაიკითხოს ყველა ის პირი, ვინც ჩვენს წინააღმდეგ ბრალდებებს აჟღერებს. ეს ნათელს მოჰფენს ყველა იმ საკითხს, რაც ჩვენს წინააღმდეგ არის გაჟღერებული. თუ დადგინდება, რომ ეს იყო მიზანმიმართული კამპანია ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში დაგეგმილი რეფორმების წინააღმდეგ, ჩვენ მოვითხოვთ თანამდებობებზე დაბრუნებას, რათა გავაგრძელოთ ის რეფორმები, რომელიც დაგეგმილია. თუ დადგინდება, რომ ეს არის ჩვენს მიერ ჩადენილი გადაცდომა, მაშინ მზად ვართ პასუხი ვაგოთ კომისიის წინაშე”, – განაცხადა სერგო ნინუამ.
აღსანიშნავია, რომ ნინუასა და ცაბაძეს პოლიტიკურ ზეწოლაშიც ადანაშაულებენ. შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერმა, რამდენიმე თვის წინ გათავისუფლებულმა დავით ნემსაძემ, აღნიშნულ საკითხზე ვიდეო მიმართვა გაავრცელა სადაც განაცხადა, რომ მინისტრმა ლევან იზორიამ ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლად სერგო ნინუა, ხოლო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ცაბაძე კანონდარღვევით დანიშნა, ვინაიდან მისი თქმით, აღნიშნული პირები შესაბამის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ.
როგორც დავით ნემსაძე ვიდეო მიმართავაში ამტკიცებს, სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე არიან ”ნაციონალური მოძრაობის” კადრები, რომლებიც გამოირჩეოდნენ შეურაცხმყოფელი მოქმედებებით პირადი შემადგენლობის მიმართ. მისივე თქმით, მათი პოლიტიკური აქტიურობა 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გადაღებული კადრებითაც მტკიცდება.