რუხის სავაჭრო ცენტრში ავტობაზრობა მოეწყობა

რუხის სავაჭრო ცენტრში ავტობაზრობა მოეწყობა. ამის შესახებ, ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს. გუბერნიის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრი მომხმარებელს უახლესი სტანდარტებით მოწყობილ ტერიტორიას მოლის ცენტრალურ ნაწილში სთავაზობს. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება 8 იანვრიდან, ისარგებლოს ახალი სერვისით, სადაც მომსახურება უფასო იქნება.

ადმინისტრაციის ცნობით, ახალი ავტობაზრობა უზრუნველყოფილია დასუფთავებით, დაცვით და აღჭურვილია ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებით. ტერიტორიაზე განთსებულია ავტომანქანების სათადარიგო ნაწილების გამოსაფენი სივრცეები. მომხმარებელს ავტო დიაგნოსტიკას ადგილზე უფასოდ შესთავაზებს „თგეტა მოტორსი“.

რუხის სავაჭრო კომპლექსში განლაგებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია საცალო, საბითუმო, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა.

კომპლექსი 10 შენობითაა წარმოდგენილი, რომელთა საერთო ფართი 10 000 მ2-ს შეადგენს, ხოლო საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია. შენობები აგებულია უმაღლესი ევროპული სტანდარტით დაცვით. საპარტნიორო ფონდმა რუხის სავაჭრო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დაასრულდა. მშენებლობის პროცესში ობიექტზე ყოველდღიურად 300 ადგილობრივი მაცხოვრებელი იყო დასაქმებული. პროექტის ღირებულება 15 მლნ ლარამდეა. სავაჭრო ცენტრის მშენებლობა და მისი ფუნქციონირება საპარტნიორო ფონდმა განხორციელა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი