ოკუპაციის დღეს ზუგდიდში ფრანგული პარკის ტერიტორიაზე 1924 წლის აჯანყების დროს რეპრესირებულთა მემორიალი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალი, სიმბოლურად 12 საათზე აჯანყებულთა დახვრეტის დროს დაიწყო.
მემორიალის გახსნას, რეპრესირებულთა შთამომავლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეები, ზუგდიდის მერი, გამგებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მონუმენტის ავტორი მოქანდაჯე ჯუმბერ ჯიქიაა.
► 1921 წლის 25 თებერვლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, საქართველოში ანტისაბჭოთა მოძრაობა დაიწყო. ქართული ეროვნული მოძრაობის მიზანს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა წარმოადგენდა. 1921 წელს დაწყებული ეროვნული მოძრაობა, 1924 წელს აჯანყებაში გადაიზარდა. აჯანყებამ აგვისტოს მიწურულს მთელი ქვეყანა მოიცვა. ზუგდიდის მაზრაში დამოუკიდებლობის კომიტეტს მუდმივ მეთვალყურეობას ეროვნულ-დემოკრატი შალვა თალთვაძე ხელმძღვანელობდა. 1924 წლის 29 აგვისტოს, დილის ოთხ საათზე, აჯანყებულებმა იერიში ზუგდიდზე მიიტანეს, ბრძოლამ რამდენიმე დღე გასტანა, საბოლოოდ კი აჯანყებულთა მარცხით დასრულდა. ზუგდიდის მაზრაში აჯანყებაში მონაწილეობა 2769 მოქალაქემ მიიღო.
ზუგდიდში 40 აჯანყებული დახვრიტეს, 8 აჯანყებული დასახვრეტად ფოთში გააგზავნეს, 30 ადამიანი დახვრიტეს ზედაეწერის ტყეში, 28 ადამიანი კი სოფელ კახათის ასასვლელ ფერდობთან, აჯანყებულები დახვრიტეს ჩხორუწყუში – სულ 17 ადამიანი.
აჯანყებაში აქტიური მონაწილეობის მიმღებთა ძებნა-დაპატიმრებები საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. იყო შემთხევევბი, როდესაც ძებნილები ვერ უძლებდნენ მათ ოჯახებზე განხორციელებულ ზეწოლას და ნებაყოფლობით ბარდებოდნენ. მსგავსი ზეწოლებითა და დაპატიმრებებით ზუგდიდის მაზრის საპყრობილეში არაერთი აჯანყებული მოხვდა.
1924 წელს აჯანყების შემდეგ საოკუპაციო ხელისუფლების მიერ ზუგდიდში დახვრეტილთა სია:
1. ჭიჭიკო კირილეს ძე ჯიქია, 30 წლის მემარჯვენე სოციალისტ-ფედერალისტი 1920 წლიდან, ქ. ზუგდიდის მკვიდრი.
2. ჭუჭუ დათას ძე ჩიქოვანი, 33 წლის, ყოფილი აზნაური, ეროვნულ-დემოკრატი 1917 წლიდან, ტყაია-ბეჟაშღალის მკვიდრი.
3. ბენედიქტე ორისტოს ძე დგებუაძე, 25 წლის, სოციალ-დემოკრატი 1918 წლიდან, ყოფილი გვარდიელი, სოფ. ჯიხაშკარის მკვიდრი.
4. რაჟდენ ოთოს ძე ყურაშვილი, 30 წლის, სოფ. ხიბულას მკვიდრი.
5. სარდიონ ანდროს ძე გრიგოლია, 26 წლის, ვაჭარი, სოციალ-დემოკრატი, 1918 წლიდან, ყოფილი გვარდიელი, ქ. ზუგდიდის მკვიდრი.
6. ღუღუნ ნიკოლოზის ძე ხვარძიკია, 23 წლის, ეროვნულ-დემოკრატი 1918 წლიდან, სოფ. შამგონას მკვიდრი.
7. ძიკი ფილიპეს ძე თვალთვაძე, 46 წლის, მემარჯვენე-სოციალისტ-რევოლ
8. თეოფინე ნიკოლოზის ძე ხვარძიკია, 23 წლის, ეროვნულ-დემოკრატი 1918 წლიდან, სოფ. შამგონას მკვიდრი.
9. ვასილ კოსტას ძე კალანდია, 59 წლის, ეროვნულ-დემოკრატი 1917 წლიდან, ქ. ზუგდიდის მკვიდრი.
10. მაკარ დარასელია, 26 წლის, კულაკი
11. მიხეილ ბიჭოს ძე სიჭინავა, 66 წლის, კულაკი, სოციალ-დემოკრატი 1905 წლიდან.
12. ლეონტი ბებიტოს ძე რაფავა, 26 წლის, კულაკი, სოციალ-დემოკრატი 1905 წლიდან.
13. პროკოფი ალექსის ძე ანთია, 23 წლის.
14. ალექსანდრე თეიმურაზის ძე მესხია, 27 წლის, ეროვნულ-დემოკრატი 1918 წლიდან, ყოფილი გვარდიელი.
15. ფილიპე ანდროს ძე გრიგოლია, 23 წლის, „ეპოს“ ნოქარი, ყოფილი გვარდიელი.
16. ვალოდია მიხეილის ძე ჩხოლარია, 34 წლის, ყოფილი აზნაური, ეროვნულ-დემოკრატი 1917 წლიდან, სოფ. კოკის მკვიდრი.
17. დოროთე საბას ძე ცხაკაია, 42 წლის, ვაჭარი, ქ. ზუგდიდის მკვიდრი, ეროვნულ-დემოკრატი 1917 წლიდან.
18. ვარლამ როსტომის ძე სიჭინავა, 43 წლის, ვაჭარი, უმდაბლესი განათლებით, ეროვნულ-დემოკრატი 1917 წლიდან, ქ. ზუგდიდის მკვიდრი.
19. ამროსი კუკას ძე სიჭინავა, 28 წლის, ვაჭარი, ეროვნულ-დემოკრატი 1917 წლიდან, ქ. ზუგდიდის მკვიდრი.
20. რაჟდენი კოკის ძე დგებუაძე, 39 წლის, ყოფ. აზნაური, ეროვნულ-დემოკრატი 1917 წლიდან, ქ. ზუგდიდის მკვიდრი.
20. რაჟდენ ტოტის ძე დგებუაძე, 39 წლის, ყოფ. აზნაური ეროვნულ-დემოკრატი 1917 წლიდან ქ.ზუგდიდის მკვიდრი;
21. თადეოზ სტეფანეს ძე ვეკუა, 28 წლის, ვაჭარი,სოციალ-დემოკრატი 1917 წლიდან. ყოფილი გვარდიელი, ქ.ზუგდიდიდს მკვიდრი;
22. კონდრატე მარკოზის ძე შამათავა, 35 წლის, ვაჭარი სოციალ-დემოკრატი 1917 წლიდან, ქ.ზუგდიდის მკვიდრი;
23. აკაკი თეიმურაზის ძე ფონია. 33 წლის, ვაჭარი, სოციალ-დემოკრატი 1917 წლიდან, ყოფილი გვარდიელი, ქ.ზუგდიდის მკვიდრი;
24. თადეოზ სტეფანეს ძე მატუა. 40 წლის, კულაკი. ეროვნულ-დემოკრატი 1917 წლიდან, ქ.ზუგდიდის მკვირდი;
25. თომა ბახვას ძე ხვიტია. 43 წლის, ყოფილი აზნაური. ეროვნულ-დემოკრატი, 1917 წლიდან ქ.ზუგდიდის მკვიდრი;
26. აკაკი ბესარიონის ძე ანთელავა. 24 წლის, ვაჭარი, ეროვნულ-დემოკრატი 1917 წლიდან, ყოფილი გვარდიელი. სოფ.ჯიხაშკარის მკვიდრი;
27. კონსტანტინე ბახვას ძე ჩხოლარია, 30 წლის, ყოფილი აზნაური. ეროვნულ-დემოკრატი 1917 წლიდან, სოფ.კოკის მკვიდრი;
28. ვარლამ ევგენის ძე გობეჩია, 41 წლის, ყოფილი მემამულე, უმაღლესი განათლებით, ეროვნულ-დემოკრატი 1917 წლიდან, ქ.ზუგდიდის მკვიდრი;
29. ჯვებე ორზოლია, 50 წლის, ყოფილი აზნური, სოფ.კოკის მკვიდრი;
30. ბადუ იოსების ძე ქავთარაძე, 54 წლის, ყოფილი აზნაური, ეროვნულ-დემოკრატი 1917 წლიდან, ქ. ზუგდიდის მკვიდრი.
31. ირაკლი შარუს ძე სიჭინავა, 37 წლის, ვაჭარი, ეროვნულ-დემოკრატი 1917 წლიდან, ქ. ზუგდიდის მკვიდრი.
32. კოზმან როსტომის ძე კოზუა, 31 წლის, ვაჭარი, უმაღლესი განათლებით, ეროვნულ-დემოკრატი 1917 წლიდან, ქ. ზუგდიდის მკვიდრი.
33. კირილე იოსების ძე მიშველიძე, 45 წლის, ეროვნულ-დემოკრატი 1917 წლიდან, სოფ. ჯოღეჯიანის მკვიდრი.
34. შალვა ალექსის ძე თოდუა, 22 წლის, კულაკი, ეროვნულ-დემოკრატი 1921 წლიდან, სოფ. ორულუ-ერგეტის მკვიდრი.
35. არსენ მათეს ძე წურწუმია, 30 წლის, კულაკი, ეროვნულ-დემოკრატი1917 წლიდან, სოფ.ორულუ-ერგეტის მკვიდრი;
36. გრიგოლ გუჯუს ძე კუკავა, 35 წლის, კულაკი, სოციალ დემოკრატი 1917 წლიდან, სოფ.დიდინეძის მკვიდრი;
37. ვარლამ კოსტას ძე მაქაცარია, 28 წლის, კულაკი, სოციალ-დემოკრატი 1917 წლიდან, სოფ.დიდინეძის მკვიდრი;
38. მელიტონ ტატიევი, 38 წლის, კულაკი, სოფ. ცაიშის მკვიდრი.
39. სოლომონ კერანდუხის ძე ქუთელია, 50 წლის, მეფის დროს სახელმწიფო მოხელე, ქ. ზუგდიდის მკვიდრი.
40. ბექირბეი ეგნატეს ძე კუკავა, 41 წლის, კულაკი, ეროვნულ-დემოკრატი 1917 წლიდან, სოფ. კახათის მკვიდრი.
● (მომზადებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო მასალების მიხედვით)