ზუგდიდში ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ გაყიდვის ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად განხორციელებული, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტი გამოავლინა.

უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით შემოსავლების მიღების მიზნით, ზუგდიდში მდებარე, შესაბამისი ნებართვის არმქონე ერთ-ერთი აფთიაქიდან მოქალაქეებზე სისტემატიურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაცია, რითაც, დანაშაულებრივი საქმიანობის განმახორციელებელი პირები ხელს უწყობდნენ ე. წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“ და საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

“დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილე პირთა გამოვლენისა და უკანონოდ მიღებული შემოსავლების ზუსტი რაოდენობის დადგენის  მიზნით, გამოვლენილ ობიექტსა და ბრალდებულების საცხოვრებელ მისამართებზე ჩხრეკა ჩატარდა,   რის შედეგადაც, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები. საქმეზე გრძელდება გამოძიება სსკ-ის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით”, – ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი