ზუგდიდში, სახელმწიფო პროგრამა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, სუბლიმირებული ხილის საწარმო – „გემუანი“ გაიხსნა. სოფელ ზედა ეწერში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან ერთად გახსნა.
საწარმოში, რომელიც წლიურად 22 ტონა სხვადასხვა სახეობის სუბლიმირებული ხილის წარმოებას უზრუნველყოფს, 30 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ისე – საექსპორტო ბაზრებზე.
საწარმოს პროდუქციას 150-ზე მეტი მცირე და საშუალო ფერმერი აწვდის. კომპანია, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში განხორციელებული „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანდაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 851 024 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 250 000 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 484 512 აშშ დოლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი.
კომპანია, უახლოეს მომავალში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით, საერთაშორისო სტანდარტის – ISO:22000-ს აღებას გეგმავს. დღემდე, სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით, სამეგრელოს რეგიონში გაიხსნა 20 ახალი და გაფართოვდა 36 საწარმო, რომელთა სრული ინვესტიციის მოცულობა 25 მილიონ აშშ დოლარამდეა.