განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ინფორმაციით, წელს პირველად ელექტრონული სახელმძღვანელოები გამოიცემა, როგორც ქაღალდის წიგნების ალტერნატივა. ჯეჯელავამ წიგნების წონისა და გაკვეთილების რაოდენობის შემცირების თემაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ამაში ბევრი კომპონენტი იგულისხმება. ერთია, რომ ყველა სახელმძღვანელოს ტარება სავალდებულო არ იყოს; მეორე, გაკვეთილების რაოდენობა აუცილებლად უნდა შემცირდეს; მესამე არის, რომ სადაც დიდტანიანი სახელმძღვანელოებია, აუცილებლად უნდა გავყოთ; მეოთხეა, რომ ახალი სახელმძღვანელოები, რომელიც შემოვა, უნდა იყოს წონის სტანდარტის შესაბამისობაში. ეს სტანდარტები ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უკვე შევიმუშავეთ და შესაბამისად, ჩვენი მოსწავლეების ჩანთები უკვე წელს შემსუბუქდება. ეს პროცესი ჯერ დაბალი კლასების მოსწავლეებს შეეხება, ზედა კლასების მოსწავლეების ჩანთების შემსუბუქება კი შემდგომი წლების ამოცანა იქნება. ელექტრონული სახელმძღვანელოები იქნება როგორც ალტერნატივა ქაღალდის წიგნების, ანუ, იქნება ქაღალდის წიგნებიც და ელექტრონულიც. მაგალითად, სახლში მოსწავლე ქაღალდის სახელმძღვანელოთი იმუშავებს, სკოლაში ელექტრონულს წაიღებს”, – განაცხადა ჯეჯელავამ.