ნარკოტიკების მოხმარებაზე დაჯარიმებული გამისონია ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლდა

ნარკოტიკების მოხმარების ფაქტზე დაკავებული ზუგდიდის გამგეობის აიპ “დასუფთავების სამსახურის” თანამშრომელი რობერტ გამისონია სამსახურიდან გათავისუფლდა.

როგორც გამგებლის პირველმა მოადგილე მამუკა წოწერიამ “Newsportal.ge”-ს განუცხადა, წასვლის შესახებ განცხადება გამისონიამ თავად დაწერა.

“ბუნებრივია, მომხდარის შემდეგ ის ვეღარ იმუშავებდა და თავად დაწერა განცხადება გათავისუფლების შესახებ”, – აღნიშნა წოწერიამ.

წოწერიასთან დაკავშირებამდე “Newsportal.ge” მის უშუალო ხელმძღვანელ ნუგზარ მალაშხიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ გამისონია დღეს დილით თავად გაათავისუფლა, თუმცა არა მომხდარის გამო, რადგან საქმის კურსში არ იყო.

“პარასკევს დილით გვქონდა თათბირი და დავალებები მივეცი მას, თუმცა რამდენიმე დღე ვუკავშირდებოდით და ვერ გავედით კონტაქტზე. გუშინაც რომ არ გამოჩნდა, დღეს უკვე გავათავუსუფლეთ. მე შრომის კოდექსის სრული დაცვით ვიმოქმედე – არ შეასრულა დავალებები და გავუშვი”, – დასძინა მალაშხიამ.

შეგახსენებთ, რომ გამისონი რამდენიმე დღის წინ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტზე დააკავეს და ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მასთან ერთად დაკავებულია მისი ნათესავიც, რომელსაც ნარკოტიკების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.

კომენტარები

დატოვე კომენტარი