5 წლის წინ გაუჩნარებული ანაკლიელისგოგიტა აბულაძის დედა დღეს ზუგდიდში მყოფ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას შეეცადა და მისი შვილის საქმის დეტალების გაცნობა კიდევ ერთხელ მოითხოვა. ცინარა აბულაძემ დეპუტატ ეკა ბესელიასთან გასაუბრება შეძლო. ის ამტკიცებს, რომ მისი შვილის გაუჩინარების საქმის ძიება დასრულებულია, თუმცა ხელისუფლება მალავს, რადგან გოგიტა აბულაძე საიდუმლო საქმეზეა გაშვებული.
“შევხვდი წეღან ეკა ბესელიას, რომელსაც რამდენჯერმე წერილობით მივმართე. მითხრა, თუ წერილი გაქვს ჩვენთან შემოტანილი, გავარკვევ და რომ გამოვალ შეხვედრიდან, გაგაგებინებო. არ მეუბნებიან არაფერს, ვისაც აქამდე შევხვდი, დამპირდნენ გარკვევას და მეორედ რომ მივედი, ყველა დამემალა. ვითხოვ, გამაგებინონ, ჩემი შვილის შესახებ რაც იციან”, – აცხადებს აბულაძე, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შესასვლელთან, კიბეებზე ზის.
გოგიტა აბულაძე სახლიდან 2012 წლის 18 იანვარს გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა, მოგვიანებით დედამ სახლში გოგიტას წერილი იპოვა, სადაც ის წერდა: „გადავედი აფხაზეთში ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ”.“ მალხაზ პაჭკორია წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ძალოვან სტრუქტურებში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. აბულაძის ოჯახის წევრებმა წლების განმავლობაში ინფორმაციის მიღების მოთხოვნით არაერთი აქცია გამართეს.