ზუგდიდის მერის მრჩეველთა საბჭო თვითმმართველობებში მოსალოდნელი ცვლილებების წინააღმდეგია

ქალაქ ზუგდიდის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ეხმიანება ხელისუფლების ინიციატივას 2014 წელს შექმნილი 7 ახალი თვითმმართველი ქალაქისა და ამდენივე თვითმმართველი თემის გაუქმება-გაერთიანების თაობაზე.

განცხადებაში ასევე ასახულია იმ მოქალაქეთა მოსაზრებები, რომელბმაც არაერთხელ მიმართეს მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და ეწინააღმდეგებიან ზუგდიდისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევას.

როგორც საბჭოს წევრებს, ასევე ქალაქ ზუგდიდის მცხოვრებთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ხელისუფლების მიერ გაცხადებული სურვილის განხორციელება ცალსახად დააზარალებს ქვეყნის დემოკრატიზაციისა და ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პროცესს.

“ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია ქალაქ ზუგდიდისა და სხვა მუნიციპალიტეტებისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა მთელი რიგი ობიექტური გარემოებების გამო:

თვითმმართველობების გამსხვილება აშორებს ერთმანეთთან ხელისუფლებასა და მოსახლეობას;

გამსხვილების შემთხვევაში კიდევ უფრო გართულდება მოქალაქეთათვის სხვადასხვა სახის მუნიციპალური სერვისების მიწოდების პროცესი;

თვითმმართველობების გამსხვილების შემთხვევაში კიდევ უფრო გაიზრდება მუნიციპალიტეტების ცენტრალურ ხელისუფლებაზე დამოკიდებულების დონე, რაც არსებული შეზღუდული უფლებამოსილებებისა თუ მწირი ფინანსური რესურსების პირობებში ისედაც რთულ პრობლემას წარმოადგენს;

სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არ ითვალისწინებს განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას, რომელთა მაგალითზეც ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის დაახლოება მნიშვნელონად აუმჯობესებს როგორც მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხს, ასევე ზრდის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა ანგარიშვლადებულების დონესაც, რადგანაც მცირე მუნიციპალიტეტში ადამიანთა მცირე რიცხვისგან შემდგარი საზოგადოების სამოქალაქო კონტროლი მუნიციპალურ ორგანოებზე უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებულია;

მუნიციპალიტეტების გაყოფა, უფრო მეტი თვითმმართველი ერთეულის ჩამოყალიბება ხელს უწყობს ახალი ადმინისტრაციული ცენტრებისა თუ ეკონომიკური მიზიდულობის ადგილების წარმოქმნას, რაც ამავე დროს ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი საფუძველსაც წარმოადგენს.

სამწუხაროა, რომ 2014 წელს ხელისუფლების მიერ გაცემული დაპირება დეცენტრალიზაციის პროცესის გაგრძელების თაობაზე არ სრულდება,  უფრო მეტიც, ამ კუთხით ვხედავთ უკუსვლას.

სამწუხაროა, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებს და საქართველოს პარლამენტში ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს, განსხვავებით სხვა თვითმმართველი ქალაქების წარმომადგენლებისაგან, დღემდე არ გაუკეთებიათ მკაფიო განცხადება თვითმმართველი ქალაქების გაუქმებასთან დაკავშირებით. ეს მაშინ, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლების მოქმედი წარმომადგენლები და პარლამენტში ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი აქტიურად იყვნენ ჩართული კამპანიაში „ჩემი ზუგდიდი – ჩემი ქალაქი“, რომლის მიზანიც ზუგდიდისათვის სწორედ თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭება იყო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, უარი თქვან 2014 წელს შექმნილი 7 ახალი თვითმმართველი ქალაქისა და ამდენივე თვითმმართველი თემის გაუქმება-გაერთიანებაზე, ხელისუფლებამ უნდა განაგრძოს ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პროცესი, რომლის მიზანიც არა თვითმმართველობათა გამსხვილება, არამედ მეტი თვითმმართველი ერთეულის შექმნა, მუნიციპალიტეტებისათვის ჯეროვანი უფლებამოსილებებისა და ფინანსური რესურსების გადაცემა უნდა იყოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ქალაქ ზუგდიდის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო 8 ადამიანისგან შედგება, მას ირაკლი ყალიჩავა ხელმძღვანელობს. საბჭოს წევრები მოქალაქეები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან: ეკა მინჯორაია, ირაკლი ყალიჩავა, გორგი შელია, ინგა შონია, არჩილ თოდუა, კახა ჯიქია, ვაჟა ფიფია და გიორგი შელია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი