საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე სამოქმედო გეგმაში შესული ცვლილებები განიხილეს

დღეს, გუბერნიის შენობაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც 2017 წლის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ პროექტებს და მათ მიმდინარეობას გაეცნენ. სხდომაზე ასევე მოხდა, 2015 – 2017 წლების სამეგრელო-ზემო სვანეთის  რეგიონის განვითარების სტრატეგიის კორექტირებული სამოქმედო გეგმის განხილვა.

2017 წლის სამოქმედო გეგმაში, რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ პროექტებზე ცვლილებები ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტებს შეეხო.

დღევანდელ სხდომაზე საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, კორცხელის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ივერიის ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტრის დაზიანებული შენობის რეაბილიტაციას, რომლის ღირებულებაც 304 000 ლარს შეადგენს. ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის განხორცილდებას, ღირებულება 186 544 ლარს შეადგენს. საბჭომ ასევე მხარი დაუჭირა, კორცხელის ადმინისტრაციულ ერთეულში მოწყობილი წყალმომარაგების დამატებითი სამუშაოების ჩატარებისთვის 50 792 ლარის გამოყოფას. საბჭოს წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს ხობის  მუნიციპალიტეტის შუა ხორგის, ქარიატისა და ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულებში  წყალმომარაგების პროექტს.

საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, აღნიშნული პრობლემის უზრუნველყოფის მიზნით სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული, საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო  სამუშაოებისთვის განსაზღვრული თანხა მცირდება 600 000 ლარით და  მიიმართება წყალსადენი სისტემის ქსელის მოწყობის სამუშაოებზე;

სამოქმედო გეგმაში ხობიდან კიდევ ერთი ცვლილება შევიდა, რომელიც სოფელ ხამისკურის ცენტრში არსებული მინი სპორტული მოედნის აღდგენა-რეაბილიტაციას ეხებოდა. ხამისკურის სპორტული მოედნის პრობლემა არაერთხელ დაფიქსირდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს. სტადიონის კეთილმოწყობისთვის 57 128 ლარი გამოიყოფა.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილე დავით კოდუა, რეგიონის გამგებლები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.

 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი