წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის მცხოვრებლებმა მუნიციპალიტეტის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართეს გზა გადაკეტეს. ადგილობრივები სოფელში მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ გამაფრთხილებელი აქცია წალენჯიხაში ერთი კვირის წინაც გამართეს. თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ამ აქციას შედეგი არ მოჰყოლია.
“საჩინოს არც ერთი საბავშვო ბაღი და სკოლა არ ფუნქციონირებს. პროტესტის ეს ფორმა კონკრეტული შედეგის მიღწევამდე გაგრძელდება. ჩვენ გუბერნატორთან შეხვედრას ვითხოვთ. თუკი კვლავ არ გაგვცემენ პასუხს, თბილისში გადავინაცვლებთ,”- აცხადეებენ აქციის მონაწილეები.
პოლიციამ გზის გადაკეტვის გამო აქციის ერთ-ერთი მონაწილე წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავა. თუმცა აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს დაკავებულის სამმართველოში გადაყვანის საშუალება არ მისცეს, რასაც ხმაური მოჰყვა. საბოლოოდ, პოლიციამ დაკავებული გაათავისუფლა. ამ წუთებში აქცია გრძელდება და გზა ისევ გადაკეტილია.