ჯიხაშკარის 79-ე საარჩევნო უბნის დარბევაში ბრალდებული მანუჩარ გაბეჩავა სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლე შოთა ბიჭიამ მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და სამწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა გამოსაცდელი ვადით.
აღსანიშნავია, რომ განაჩენის გამოტანამდე ცოტა ხნით ადრე, წინა სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.
მანუჩარ გაბეჩავს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსკ-ის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 163-ე მუხლით, რაც საარჩევნო კომისიისთვის ხელისშეშლას გულისხმობს. გაბეჩავას ბრალად ედებოდა 2016 წლის 8 ოქტომბერს, ხმის პროცესის დასრულების შემდეგ 79-ე საარჩევნო უბანზე შეჭრა და არჩევნების პროცესისთვის ხელის შეშლა, კომისიის წევრებისთვის სიტყვიერი, ერთ-ერთი უცხოელი დამკვირვებლისთვის კი ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. ასევე უბანზე არსებული მტკიცებულებების, ვიდეოკამერების განადგურების მცდელობა.