გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი 7 აპრილს საოკუპაციო ხაზზე დაკავებული მამა-შვილ როგავების გათავისუფლების და გასული წლის 19 მაისს მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელის გადმოცემის საკითხებს შეეხო.
საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაფიქსირდა შეფასება იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის მხრიდან ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის გადმოცემის პოლიტიკური ნება არ არსებობს.
„გადმოცემაზე უარს დეფაქტო მთავრობა იმით ხსნის, რომ თავის დროზე ჩვენ მიერ მიწოდებული დოკუმენტაცია არავალიდურად ცნეს. ასეთია მათი არგუმენტი, თუმცა რეალურად მკვლელობის დღიდან დღემდე არ არსებობს კანჯი-ოღლის გადმოცემის პოლიტიკური ნება, სწორედ ესაა რეალური მიზეზი“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძემ.
მომდევნო შეხვედრა გალში 26 ივლისს გაიმართება.