საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღად 21 ოქტომბერი დაასახელა.
არჩევნების დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი აქტი კონტრასიგნაციისთვის მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე გაგზავნილია.
“თვითმმართველობის არჩევნები დავნიშნე 2017 წლის 21 ოქტომბერს, მოგახსენებთ შესაბამის აქტს, რომელიც გადაგზავნილია ამ მომენტისთვის კონტრასიგნაციაზე. საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 133-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 150- ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის, წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის თვითმმართველი თემის, მერის მორიგი არჩევნები დაინიშნება 2017 წლის 21 ოქტომბერს. საზოგადოება ამის თაობაზე იყო ინფორმირებული და პოლიტიკური ძალები იყვნენ ინფორმირებული ორი თვით ადრე, ახლა ეს არის უკვე კონკრეტული დოკუმენტი, რომელიც გამოიცა და რომელიც გადაგზავნილი არის კონტრასიგნაციისათვის”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.