სრულად აღვადგინოთ ბორჯომის ტყე – კამპანიას ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და ანაკლია სითი უერთდება

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და „ანაკლია სითი“, თიბისი ბანკისა და კომპანია ბორჯომის ინიციატივას გამოეხმაურა და კამპანიაში  ჩაერთო – აღადგინოს სტიქიური უბედურების შედეგად გადამწვარი ბორჯომის ტყე.

”ჩვენი კომპანია ყველა სხვა მხარდამჭერ ორგანიზაციას, გუნდსა თუ თითოეულ გულშემატკივარ ადამიანთან ერთად იზიარებს თიბისი ბანკის და კომპანია ბორჯომის გადაწყვეტილებას – ამ მძიმე მომენტში გავაერთიანოთ ძალისხმევა, ენერგია და სრულად აღვადგინოთ ხანძრისგან გადამწვარ ბორჯომის ტყის 10 ჰექტარამდე ტერიტორია. ჩვენ გვესმის, რომ ეს იქნება გრძელი, რთული და მასშტაბური სამუშაო, მაგრამ არ დავზოგავთ რესურსს, რომ ბორჯომს დაუბრუნდეს პირველადი სახე. მოვუწოდებთ ბიზნეს და საჯარო სექტორს შემოგვიერთდნენ და ერთად განვახორციელოთ ეს მნიშვნელოვანი საქმე”, – აცხადებენ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლები.

აქვე ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და ანაკლია სითი თხოვნით მიმართავს პარტნიორებს, თანამოაზრეებს, რომ შეუერთდნენ კამპანიას.

”შემოგვიერთდით! ერთად ვიზრუნოთ სტიქიის მიერ მიყენებული ზიანის აღმოფხვრისთვის, ხეობის რეაბილიტაციისთვის, მწვანე და ჯანსაღი გარემოსთვის. საერთო ძალისხმევით, სიყვარულითა და ენერგიით აღვადგინოთ ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრე და მნიშვნელოვანი ფასეულობა – ბორჯომის ხეობა,- აღნიშნულია მიმართვაში.

კამპანია – „სრულად აღვადგინოთ ბორჯომის ტყე“, გუშინ, 22 აგვისტოს, თიბისი ჯგუფის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ვიდეომიმართვის შემდეგ დაიწყო და მას უკვე შეურთდნენ ქართული ბიზნესის სხვა წარმომადგენლები. მათ შორის, კომპანიები ”ლისი დეველოპმენტი” და ”კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია“.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძარი სამი დღის წინ გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომე, მეხანძრე-მაშველები, საჰაერო ძალების და მძიმე ტექნიკის მეშვეობით ცდილობენ.  ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი