ზუგდიდის დაბალი ზონის სოფლების მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ ზუგდიდის დაბალი ზონის სოფლების მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აზიური ფაროსანას მიერ განადგურებულ თხილზე კომპენსაციებს ითხოვდნენ.

მოგვიანებით, დაზარალებულებს ზუგდიდის ვიცე-მერი გია გულორდავა შეხვდა, რის შემდეგაც აქცია დროებით შეწყდა.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ აგვინაზღაურონ დანაკარგი კომპენსაციის სახით. ბანკში გვაქვს სესხები, ვითხოვთ ერთი წლით შეგვიჩერონ ბანკის გადასახადები. ორშაბათამდე დაველოდებით მთავრობის რეაგირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები გაგრძელდება, ვიშიმშილებთ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ადგილობრივებმა ხელისუფლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ერთ კვირიანი ვადა მისცეს

ზუგდიდის ვიცე-მერი გია გულორდავა კი აცხადებს, რომ აზიური ფაროსანას შეწამლვითი ღონისძიებები გრძელდება.

„მიდის მუშაობა, გადწყევტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ სამართლიანი იქნება ალბათ, კომპენსაციების გაცემა ამ ადამიანებზე ისევე, როგორც კახეთში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე გაიცა, რადგან ესეც შეიძლება ჩაითვალოს სტიქიურ უბედურებად. ეს საკითხი დღის წესრიგში დგას და ცენტრალურ მთავრობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – განაცხადა გულორდავამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი