სამუშაო შეხვედრა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონიძიებებზე,  სამხარეო ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველ მოადგილესთან კობა ქანთარიასთან ერთად  უძღვებოდა.

მინისტრის მოადგილემ სამუშაო შეხვედრაზე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებს  იმ დაგეგმილ ღონისძიებებზე ესაუბრა, რომლებსაც სახელმწიფო დასავლეთ საქართველოში და კონკრეტულად სამეგრელოში გეგმავს. გიორგი ხანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, მავნებლის პოპულაციის შემცირების და ლოკალიზების თვალსაზრისით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მნიშვნელობა.

„სახელმწიფო აგრძელებს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია, როგორც ღონისძიებების მასშტაბურობის გაზრდა, ასევე მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია, რაშიც ყველა რგოლის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია“ -განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში მავნებლის საწინააღმდეგოდ, სულ 83 ათას ჰექტრამდე ფართობია დამუშავებული. სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონებში, ინტენსიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს 30 ერთეული სპეციალური ტექნიკა, რომელიც საკარმიდამო ნაკვეთებს და ნათეს ფართობებს თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და სამანქანე აგრეგატებით ამუშავებს. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში ჩართულია ასევე მაღალი წარმადობის დისპერსიული აეროზოლური შემასხურებელი, რომელსაც დღეში ასეულობით ჰექტარი სიმინდის მასივის დამუშავება შეუძლია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი