აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილისგან ისმენენ, ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარი ედიშერ თოლორაია დაინტერესდა, “თუ კახეთში შეიძლებოდა პატარა სტიქიაზეც განგაშის ატეხვა და სუბსიდირება, რატომ არ შეიძლება სამეგრელოსა და გურიაში?!”
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ხელისუფლება დაგვიანებული რეაქციისთვის და მავნებელთან მოუმზადებლად შეხვედრის გამო ფერმერების დადანაშაულებისთვის გააკრიტიკა.
“დავაგვიანეთ თუ არ დავაგვიანეთ, ფაქტი სახეზეა – თხილის კულტურის მოსპობაზეა საუბარი. შემდეგ გადავიდა სიმინდზე და სხვა კულტურებზე და თქვენ მოსახლეობას აბრალებთ. მე მაინტერესებს და ამას არ ვამბობ შურით ან ეგოზიმით, თუ შეიძლებოდა კახეთში პატარა სტიქიაზეც განგაშის ატეხვა და სუბსიდირება, რატომ არ შეიძლება სამეგრელოში ან გურიაში. ბროშურების დარიგება და სემინარები არაფერს ცვლის”,- განაცხადა თოლორაიამ.