პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ლაშა გოგია, ბარამიას ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა.
მერობის კანდიდატმა, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ თაზო ფაცაციასთან ერთად, ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა და ზუგდიდის განვითარების ოთხწლიანი გეგმა გააცნო.
„ეს დასახლება სახეა იმისა, თუ როგორ ზრუნავს მთავრობა დევნილებზე. ეს არის უმაღლესი სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც მთლიანად გათვლილია თქვენს კომფორტზე. აქ ამ ადგილას სულ 26 თორმეტსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება და 2016 ოჯახი ბინას მიიღებს. გარდა ამისა, ჩვენ, დევნილთა სამინისტროსთან ერთად, ვმუშაობთ დამატებით ტერიტორიების გამოყოფასა და ახალი კორპუსების აშენებაზე. აფხაზეთში დაბრუნებამდე ჩვენ უნდა შევუქმნათ თითოეულ დევნილ ოჯახს ღირსეული საცხოვრებელი პირობები. ჩვენი მთავრობა ამისთვის ყველაფერს აკეთბს“ – განაცხადა ლაშა გოგიამ შეხვედრაზე.
მერობის კანდიდატი დევნილთა ჩასახლებაში გამართული შეხვედრის შემდეგ თათარიშვილის და ლომთათიძის ქუჩის მცხოვრებლებს კარდაკარის პრინციპით შეხვდა.
„თქვენი თვალით ხედავთ იმ უმნიშვნელოვანეს პროექტებს, რაც ჩვენს ქალაქში ხორციელდება. ამ ქუჩაზე უკვე მოეწყო წყლის სისტემა, ახლა კი წყალარინების სამუშაოები მიმდინარეობს. ეს არის საუკუნის პროექტები და ამ სამუშაოებისთვის ჯამში 172 მილიონი ლარი იხარჯება“ – აღნიშნა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა. ლაშა გოგიამ კარდაკარ შეხვედრები უკვე 30-ზე მეტ ქუჩაზე გამართა.