ფოთის მოსახლეობას ცენტრის უბნის მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინეს

 

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის  მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ცენტრის უბნის ამომრჩეველს შეხვდა.

შეხვედრაზე გოჩა კურდღელია მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო და მათ ცენტრის უბანში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები ოლეგ ნაჭყებია და დავით კვიციანი  წარუდგინა.

როგორც გოჩა კურდღელიამ ადგილობრივებთან შეხვედრაზე აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში, ქალაქში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. კერძოდ, დასრულდა  24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი, რისთვისაც 22 მლნ ლარი დაიხარჯა.

„აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, წელს ორი სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობა დაიწყო, რომელიც წლის ბოლომდე უნდა ამუშავდეს. ფირმა „აჭარა-ტექსტილი“ უკვე წელს, 1500-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას გეგმავს, ხოლო სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 3000-ს მიაღწევს. აღნიშნული საწარმოს პროდუქცია საექსპორტო გახდება“, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, ქალაქის ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარებას გეგმავს.

ჩემი საარჩევნო პროგრამა თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მაქსიმალურად იქნება მორგებული. შესაბამისად, მზად ვარ, თქვენგან წამოსულ ჯანსაღ ინიციატივებს მხარი დავუჭირო“, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი