ამ წუთებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობასთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილი აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის კომპენსაციას ითხოვს. აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები. აქციის მონაწილეებს უკვე შეხვდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე, დავით კოდუა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია.
შეხვედრის მსვლელობისას დავით კოდუა და ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
“ეს ბლანკები, რაც დაარიგეთ, არის პროვოკაცია. შენ ხარ პროვოკატორი და წინასაარჩევნოდ იწერ ქულებს”, – ასე მიმართა გუბერნატორის მოადგილემ ოპოზიციური პარტიის წევრს. ანი წითლიძემ კი ხელისუფლებას უნიათო უწოდა და განაცხადა, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად, “ნაციონალური მოძრაობა” კი ცდილობს დაეხმაროს დაზარალებულებს.
აქციის პარალელურად მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეები ამ დრომდე სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან.