პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატმა გოჩა კურდღელიამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ფაზისისა და კონსტიტუციის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრა გამართა.
მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო და ადგილობრივების საჭიროებებზე ისაუბრა.
„არაფერი მიიღწევა თქვენი მხარდაჭერის გარეშე. ჩვენ ერთად უნდა დავძლიოთ პრობლემები. ყველა საშუალება გამოიყენეთ იმისთვის, რომ ჩემამდე მოიტანოთ ყველა საკითხი, რაც ქალაქს, თქვენს ოჯახებს აწუხებს“, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა.
მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, ქალაქში მრავალწლიანი და მწვავედ გამოკვეთილი პრობლემები მოგვარდება.
„ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მიმდინარეობს ფოთის განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მუშაობა, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის სივრცით მოწყობასა და ფოთის ურბანულ განახლებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.