პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან – სამსონ კუტალიასა და მალხაზ ფოჩხუასთან ერთად, ნაბადის უბანში, დავითაიას, აჭარის, სააკაძისა და ქობულეთის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც გოჩა კურდღელიამ ადგილობრივებთან შეხვედრაზე აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში, ქალაქში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. კერძოდ, დასრულდა 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი, რისთვისაც 22 მლნ ლარი დაიხარჯა.
„აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, წელს ორი სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობა დაიწყო, რომელიც წლის ბოლომდე უნდა ამუშავდეს. კომპანია „აჭარა-ტექსტილი“ უკვე წელს, 1500-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას გეგმავს, ხოლო სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 3000-ს მიაღწევს. აღნიშნული საწარმოს პროდუქცია საექსპორტო გახდება“, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა.
მისივე თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, ქალაქის ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარებას გეგმავს.