ოკუპირებული აფხაზეთიდან 25 ქართველი გმირის ნეშტი გადმოასვენეს

ოკუპირებული აფხაზეთიდან 25 ქართველი გმირის ნეშტის იდენტიფიცირება და გადმოსვენება მოხდა. ამის შესახებ სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, გადმოსვენებულთა შორის საზოგადოებისთვის ცნობილი სახელებიც არიან: საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკის მამია ალასანიას, სოხუმის მერი გურამ გაბესკირია, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს წევრები, არშაველ შენგელია, ვახტანგ გეგელაშვილი.

“25 ნეშტია იდენტიფიცირებული და გადმოსვენებული. განსაკუთრებით მადლობა მინდა გადავუხადო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს იმ დახმარებისთვის, რასაც მხარეებს უწევს. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა აფხაზურ მხარეს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პროცესი პოზიტიურად და დინამიკურად წარიმართოს. წინა წლების განმავლობაში მთლიანად მოხდა 101 პირის იდენტიფიცირება და გადაცემა ოჯახებისთვის. მხოლოდ წელს 28 სამარხი იქნა გახსნილი და 91 ნეშტი მოძიებული, მათ შორის 25 უკვე იდენტიფიცირებულია. ამ 25-დან არის საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახელები, არიან ადამიანები, რომლებიც იცავდნენ სოხუმში უმაღლესი საბჭოს შენობას და რომლებიც იბრძოდნენ ჟიული შარტავასთან ერთად: მამია ალასანია – საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი, სოხუმის მერი, საქართველოს გმირი გურამ გაბესკირია, ასევე, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე არიკ შენგელია და ვახტანგ გეგელაშვილი. ამ 25 ადამიანს შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოდნენ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილთა საფლავები ამ დრომდე უცნობი იყო. 24 წლის შემდეგ კი, მათი ნეშტები ოჯახებს გადაეცემათ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი