გოჩა კურდღელია: “მიმდინარე წელს ფოთში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრი აშენდება”

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატმა გოჩა კურდღელიამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ დავით ესებუასთან ერთად, შეხვედრა კუნძულის უბანში, აღმაშენებლისა და ერეკლე მეორის ქუჩების მოსახლეობასთან გამართა.

„ჩვენ იმ პოლიტიკურ გუნდს წარმოვადგენთ, რომლისთვისაც უმთავრესი ღირებულება ადამიანის ღირსება და თავისუფლებაა. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული საქმიანობის შედეგად, ფოთის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემები გადაიჭრა“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

გოჩა კურდღელიას თქმით, ფოთში წყალარინების სისტემის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რაც ფაქტობრივად, ახალი კომუნიკაციების მშენებლობას ნიშნავს და რაც მრავალწლიან პრობლემას მოაგვარებს. ამასთან, 50 მილიონი ლარი დაიხარჯება ფოთში შესასვლელი ხიდისა და წყალმარეგულირებელი კომპლექსის მშენებლობა-რეკონსტრუქციაზე.

„გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე წელს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრი აშენდება. იგეგმება წყალსათხილამურო ინფრასტრუქტურის გამართვა და კულტურისა და დასვენების პარკის რეკონსტრუქცია. აშენდება ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზი და სპორტ კომპლექსი, მალე დასრულდება საფეხბურთო მოედნის მშენებლობა და აშენდება ათი ახალი მინი-სტადიონი. ამ და სხვა პროექტების განხორციელება ათეულობით ადამიანის დასაქმებასა და ადგილობრივების კეთილდღეობის ხარისხის გაზრდას ნიშნავს“, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი