ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ანა მიქელაძე აცხადებს. მისი ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 08:00 საათიდან გაიხსნა.
ანა მიქელაძემ აღნიშნა, რომ ქართულ-აზერბაიჯანულ, ქართულ-სომხურ და ასევე, სამენოვანი ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ ენებზე ბიულეტენები ეთნიკური უმცირესობის ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომია შესაბამის უბნებზე.
„საარჩევნო უბნებზე მცირემხედველი ამომრჩევლები ისარგებლებენ გამადიდებელი ლინზით, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის განკუთვნილია ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმა. ყრუ და სმენადაქვეითებული, ასევე, მხარდაჭერის მიმღები ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ სპეციალური პოსტერის მეშვეობით, ხოლო ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულ 1153 საარჩევნო უბანზე განთავსებულია სპეციალური ხმის მიცემის კაბინები”, – განმარტა მან.
არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 54 389 წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20 641 და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 4 820 ჟურნალისტი.
24 საათის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის – 2 51 00 51 და ონლაინ ჩატი.
„მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“, – განაცხადა ცესკოს სპიკერმა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სულ 107 საარჩევნო უბანია. ამომრჩეველთა რაოდენობა კი 120 ათას 219 ადამიანია.