საზღვრისპირა სოფელ ორსანტიაში ინგლისური ენის კლუბი გაიხსნება

ბრიტანეთის საბჭო იუსტიციის სამინისტროს 6 საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის კლუბებს ხსნის. უფასო სწავლების კლუბები ორსანტიაში, ჩაქვში, დიდი ჯიხაიშში, კაბლიში, წალკაში და ვალეში გაიხსნება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის − „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში“ − დირექტორმა ზაზა ფურცელაძემ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.


მემორანდუმის თანახმად, ბრიტანეთის საბჭო საქართველოს 6 სოფელში ინგლისური ენის სწავლებისათვის იუსტიციის სამინისტროს სოფლად არსებულ თანამედროვე ინფრასტრუქტურას გამოიყენებს. აქ გაიხსნება ინგლისური ენის კლუბები, რომლებსაც ბავშვები სრულიად უსასყიდლოდ დაესწრებიან, ისარგებლებენ ცენტრში არსებული წიგნებით, ონლაინ რესურსებით, აუდიო- თუ ვიდეომასალით, მონაწილეობას მიიღებენ ინგლისური ენის კონკურსებში. 


6 საზოგადოებრივი ცენტრი სხვადასხვა ნიშნით შეირჩა: ორსანტია ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს, კაბალი და წალკა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რაიონებია, დიდი ჯიხაიში იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური ჩასახლების ადგილია, ვალე სასაზღვრო ზონაში მდებარეობს, ჩაქვი კი, ტურისტულად აქტიური რაიონია.


საზოგადოებრივი ცენტრები უმასპინძლებენ ინგლისური ენის მასწავლებლებსაც. ბრიტანეთის საბჭო მათ პროფესიულ განვითარებაზეც იზრუნებს − სპეციალურად მათთვის მოწყობილ ტრენინგებსა და სემინარებს პედაგოგები სოფლებიდან გაუსვლელად საზოგადოებრივ ცენტრებში დაესწრებიან. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი