კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოების დასრულება 2020 წლისთვისაა დაგეგმილი.
“მიმდინარე წელს სააგენტოს დაკვეთით წარმართულმა რეაბილიტაციისა და კონსერვაციის სამუშაოების მე-2 ეტაპმა ნოქალაქევის ქვედა ნაქალაქარის ყველა სეგმენტი მოიცვა, რაც გვირაბის, რკინის ხიდის, საფორტიფიკაციო ნაგებობების, სასახლეებისა და უნიკალური წყალსაცავის მოწესრიგებასა და სრულ კონსერვაციას ითვალისწინებდა. დასრულდა ორმოც მოწამეთა ტაძრის კედლის მხატვრობის კონსერვაციის პირველი ეტაპიც, რომელიც სამხატვრო აკადემიის მხატვარ-რესტავრატორთა ჯგუფმა განახორციელა. უახლოეს პერიოდში დასრულდება ტაძრის გადახურვის რეაბილიტაციის პროცესიც. ორმოც მოწამეთა ტაძარი საქართველოში სპეციალური წესით დამზადებული კრამითით დაიხურება, რომლის ავთენტური ფორმის დადგენაც არქეულოგიური გათხრებისას გამოვლენილი უძველესი კრამიტის შედეგად გახდა შესაძლებელი”, – აცხადებენ სამინისტროში.
სამინისტროს ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპი 2018 წელს განახლდება და ის ნაქალაქარის ინფრასტრუქტურული ნაწილის მოწესრიგებას მოიცავს. მოეწყობა სავალი ბილიკები, მისასვლელი გზები და საინფორმაციო ბანერები. დასრულდება ნაქალაქარის ფერდობისა და ციტადელის პროექტირებაც.
პროექტის ფარგლებში, ასევე იგეგმება ახალი სამუზეუმო სივრცის მოწყობა სადაც ექსპოზიციის სახით ნოქალაქევის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები გამოიფინება. ახალ მუზეუმშივე განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ-სარესტავრაციო ლაბორატორია, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიდინარე არქეოლოგიურ მისიებს მოემსახურება.
2016 წელს დაწყებულ კომპლექსურ სამუშაოებს სრულად აფინანსებს საქართველოს მთავრობა. მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი 4 წლის განმავლობაში 14 მილიონ ლარს გაიღებს.
ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია ძვ.წ. VIII-VII საუკუნეების კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენდა. ძვ.წ. IV-III საუკუნეებში მასზე განტავსებული იყო ერისთავ ქუჯის რეზიდენცია. IV-VIII საუკუნეებში კი ნოქალაქევი ეგრისის (დასავლეთ საქართველოს) სამეფოს დედაქალაქ ,,ციხეგოჯს”, ,,არქეოპოლისს” წარმოადგენდა.
ე