რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერანტორის მოადგილესთან, დავით კოდუასთან, ზუგდიდის მერთან ლაშა გოგიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას დაესწრო. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.
ზურაბ ალავიძის განცხადებით, ათეული წლებია ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ ფართო საზოგადოება სულმოუთმენლად ელოდება.
,,მოხარული ვარ, რომ დღეს ამ მიმართულებით, უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ზუგდიდს განახლებული და თანამედროვე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობილი ბოტანიკური ბაღი ექნება’’- განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
ზურაბ ალავიძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღემდე ინარჩუნებს ბოტანიკურ ბაღში დაცულ იშვიათ მცენარეებს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის მოწყობა. გაკეთდება სასეირნო ბილიკები და აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები. შესასვლელში მოეწყობა სალაროსთვის და დაცვისთვის განკუთვნილი ჯიხურები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ივნისში დასრულდება. სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.