ანაკლიის ქალაქგეგმარებით კონცეფციაზე წამყვანი ბრიტანული კომპანია BuroHappold Engineering-ი იმუშავებს. „ანაკლია სითისა“ და BuroHappold Engineering-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას უკვე მოეწერა ხელი. კომპანია „ანაკლია სითიმ“ საერთაშორისო ტენდერში გამოავლინა, რომელიც “ანაკლიის ქალაქგეგმარებითი კონცეფციის” შესადგენად მიმდინარეობდა.
BuroHappold Engineering-ის წარმომადგენლები უკვე საქართველოში არიან და წინასწარ მოკვლევას აწარმოებენ. სამთავრობო უწყებებთან და ეკონომიკურ ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ, კომპანიის წარმომადგენლები ანაკლიას სტუმრობდნენ, სადაც „ანაკლია სითის“ მენეჯმენტთან ერთად პორტის სამშენებლო ტერიტორია და ქალაქ ანაკლიის ტერიტორია მოინახულეს.
„დღეს გვქონდა უნიკალური შანსი, დავრწმუნებულიყავით იმ მასშტაბებსა და ტემპში, რასაც ეს შესანიშნავი პროექტი მოიცავს. ვფიქრობთ ის უდიდეს წვლილს შეიტანს რეგიონის განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში. ჩვენ ვკონცენტრირდებით ქალაქის ინტეგრირებულ გენერალურ გეგმაზე რომელიც ინტეგრირეული იქნება ტურიზმთან, ბიზნესთა გარემოსა და სხვა დამატებითი ღირებულების მომტან ფაქტორებთან…ასევე ვმუშაობთ პროექტის ეკონომიკური ზონის განხორციელებადობის კვლევაზე“, – განაცხადა პროექტის დირექტორმა რობერტ ვინტერჰეგერმა.
BuroHappold Engineering-ის ვიზიტი საქართველოში 23 თებერვალს შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდება, სადაც “ანაკლიის ქალაქგეგმარებითი კონცეფციის” კვლევის პროცესს და მისი სამომავლო შედეგებს განიხილავენ და ბრიტანული კომპანია საკუთარ გამოცდილებას წარმოადგენს.
BuroHappold Engineering-ი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ურბანულ დაგეგმარებაზე, სამშენებლო პროექტებზე, გენერალური გეგმის შედგენასა და ქალაქის განვითარებაზე მუშაობს. კომპანიას განხორციელებული აქვს 600-ზე მეტი პროექტი ბრიტანეთში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. BuroHappold Engineering-ი სხვადასხვა დროს მუშაობდა მუმბაის პორტის კომპლექსის, ლონდონის ჰაიდ პარკის, კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და სხვადასხვა მიმართულების პროექტებზე.