გრიგოლ გიორგაძემ ზუგდიდში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან ერთად ზუგდიდში, სამოქალაქო სექტორისა და დევნილთა საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდა და სამინისტროში მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

გრიგოლ გიორგაძის ინფორმაციით, 2018 წლის გაზაფხულზე, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 240 დევნილ ოჯახს გადაეცემა. გარდა ამისა, მიმდინარეობს კიდევ 6 კორპუსის მშენებლობა, სადაც ბინას 360 დევნილი ოჯახი მიიღებს.  მისივე განცხადებით, სამინისტროსა და იუსტიციის სახლის თანამშრომლობის შედეგად, დევნილ ოჯახებს საშუალება მიეცემათ ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში არსებულ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეავსონ, რაც დაზოგავს მათ დროსა და ხარჯებს.  ამ ეტაპზე, განაცხადები მხოლოდ სამინისტროსა და მის რეგიონალურ სამმართველოებში მიიღება.

მინისტრის პირველი მოადგილის  განცხადებით, სამინისტრო მუშაობს ახალ პროექტზე, რომლის  თანახმადაც,  დევნილ ოჯახს, რომელიც  მშენებარე კორპუსში იპოთეკური სესხის საშუალებით შეიძენს ბინას, სამინისტრო პირველად შენატანს (მაქსიმუმ 20 000 ლარი) დაუფარავს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი