ანაკლიაში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, პირველად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილეს.

კანონპროექტების განხილვის შემდეგ, სხდომაზე, რეგიონში და მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია, დეპუატატებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კახაბერ გულედანმა და სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების დეპარტამენტის უფროსმა მინდია ღლონტმა გააცნეს.

რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებები, მომავლის გეგმები და არსებული პრობლემები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ პარლამენტის წევრებს წარუდგინეს.

სხდომაზე დეპუტატებმა ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების კითხვებსაც უპასუხეს, რომელიც განხილულ კანონპროექტებსა და ინიციატივებს ეხებოდა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომას, სამეგრელო-ზემოს სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მათ მოადგილეები და იურიდიული სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი