ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე „ევროპულ საქართველოს“ და “ენმ”-ს წევრები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.  სხდომის მიმდინარეობისას, „ევროპული საქართველოს“ და  „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ოპოზიციური პარტიების წევრების დაპირისპირება „ევროპულ საქართველოს“ ფრაქციად დარეგისტრირების საკითხს მოჰყვა, რის გამოც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია იძულებული გახდა შესვენება გამოეცხადებინა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანი წითლიძემ “ევროპული საქართველო”-ს წევრს ბართლომე შელიას “პოლიტიკური მეძავი” უწოდა და განაცხადა რომ ყოფილ თანაგუნდელს, ამჟამად “ევროპული საქართველო”-ს წევრს, გელა თოლორაიას ვაჟკაცობა ეყოს და გამოცხადდეს საკრებულოს სხდომებზე, რის შემდეგაც ოპოზიციურ პარტიებს შორის ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ანი წითლიძის განცხადების შემდეგ ბართლომე შელიამ და დათა შელიამ ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ინციდენტის გამო შენობაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. ექიმების განცხადებით, ჩხუბში მონაწილე საკრებულოს დეპუტატებს მსუბუქი სახის დაზიანებები აქვთ.

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა რამდენიმე ხნის პაუზის შემდეგ კვლავ განახლდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი