კომპანია, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დეტალურ დიზაინს შეიმუშავებს, ცნობილია. საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი, საპროექტო და სამშენებლო მენეჯმენტის კომპანია, BergerABAM-ი დასახელდა.
BergerABAM-ი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ დეტალური დიზაინის შედგენის თაობაზე გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის შედეგად გამოავლინა. ტენდერში მონაწილეობდნენ მსოფლიოს 20 საუკეთესოთა სიაში შესული კომპანიები. მათგან საუკეთესო შემოთავაზება „ლუი ბერჯერის“ ჯგუფის წევრმა „ბერჯერ აბამმა“ წარმოადგინა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ არჩეული კომპანია საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა.
BergerABAM-ი საპროექტო, საინჟინრო, საზღვაო სფეროს, სამშენებლო მენეჯმენტის, წყალქვეშა კვლევებისა და გარემოსდაცვითი სერვისების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია, რომლის მიერ სხვადასხვა დროს განხორციელებულ პროექტებს შორისაა პანამის, დუბაის, მექსიკის, ვაშინგტონის საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურისა და პროექტირების განვითარება.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დეტალური დიზაინი ნავსადგურის პირველი ფაზის სრულ პროექტირებას მოიცავს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის ჩათვლით დაგეგმილი საზღვაო და სახმელეთო სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება. აღნიშნული დიზაინი გულისხმობს: 1.6 კმ-იანი ტალღმტეხის დაპროექტებას; 625-მეტრის სიგრძის ნავმისადგომისა და მრავალფუნქციური ტერმინალის მშენებლობის, საზღვაო აკვატორიის 16-მეტრამდე დაღრმავების, დამხმარე შენობა-ნაგებობების და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის დაპროექტებას, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიების და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მუშავდება.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წინასწარი დიზაინი კონსორციუმმა 2017 წლის პირველ ნახევარში შეიმუშავა და ის საქართველოს მთავრობამ 2017 წლის ნოემბერში დაამტკიცა. წინასწარი დიზაინის მომზადებაში ჩართულნი იყვნენ მსოფლიოში ცნობილი საპროექტო კომპანიები.
ნავსადგურის დეტალურ დიზაინზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ტენდერის ბოლო ეტაპზე, მოლაპარაკებების ფარგლებში, BergerABAM-ის წარმომადგენლები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ეწვივნენ და ტერიტორია ადგილზე მოინახულეს, სადაც მათ ანაკლიის პორტისა და ოპერატორი კომპანიის, „ესესეი მარინის“ მენეჯმენტმა უმასპინძლეს.