პრემიერი: “სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რათა დამნაშავეებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი”

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის, ასევე თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს, მათ ადვოკატებს და სახალხო დამცველს შეხვდა. შეხვედრას ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე დაესწრნენ.

“სამწუხაროდ, აქამდე არ მომეცა საშუალება, მშვიდ ვითარებაში შეგხვედროდით. კიდევ ერთხელ მინდა მოგისამძიმროთ. ღმერთის წინაშე მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად შევდივარ თქვენს მდგომარეობაში და ეს ჩემთვის ისეთივე ტრაგედიაა, როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც თქვენი ოჯახების უბედურებას უყურებს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სარალიძეების ოჯახთან შეხვედრისას.

„შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომ სარალიძეების ოჯახი სახალხო დამცველის მეშვეობით საქმის მასალებს გაეცნობა. ანალოგიური შეთანხმება შედგა დადუნაშვილების ოჯახთან შსს-ში რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე. პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი შეხვედრისას ასევე შეთანხმდნენ კონკრეტულ ფორმატზე, რომელიც ზაზა სარალიძეს გამოძიების მიმდინარეობისას ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას მისცემს“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დავით დადუნაშვილს კი პრემიერმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რათა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა სრულყოფილად იყოს გამოძიებული და დამნაშავეებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი.

აღნიშნულ შეხვედრებს წინ უძღოდა კვირიკაშვილის შეხვედრა თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, სადაც პრემიერმა აღნიშნა, რომ “მათი მხრიდან გაჟღერებული საკითხებით დაინტერესდება და მაქსიმალურად შეეცდება, ამ საქმეზე უსამართლობის განცდა არ არსებობდეს”.

კომენტარები

დატოვე კომენტარი