ანაკლიის პორტის ადრეული საზღვაო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის ადრეული სახმელეთო სამუშაოების 80% დასრულებულია.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“-ის ინფორმაციით, კონსორციუმმა და სახმელეთო სამუშაოების კონტრაქტორმა კომპანია “ბლექ სი გრუპმა“ სამუშაოები წინასწარ შემუშაებული სამოქმედო გეგმის მიხედვით შეასრულეს.

ტერიტორიაზე  დასრულდა 110 ჰექტარზე ნაყოფიერი (ჰუმუსოვანი) ფენის თითქმის სრულად მოხსნა. სამშენებლო არეალის 100% გასუფთავებულია ნარჩენებისგან, მათ შორის, შენობა-ნაგებობებისგან და სახიფათო ნარჩენებისგან.

ამ ეტაპზე, პორტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს: 2.5 კმ-მდე სამელიორაციო არხის, მილხიდების და წყალსაქაჩი სადგურის მშენებლობა.

სახმელეთო სამშენებლო სამუშაოების ყველა ეტაპის განმავლობაში გრძელდება დაკვირვება ფლორასა და ფაუნაზე, რათა მშენებლობის პროცესში მათ სათანადო გარემო პირობები შეექმნათ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშოები საერთაშორისო და საქართველოში მოქმედი შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს.  კონსორციუმის წარმომადგენლები აგრძელებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს მათი ინფორმირების მიზნით უსაფრთხოების წესებისა და მოსალოდნელი სამშენებლო აქტივობების შესახებ. ადრეულ სახმელეთო სამუშაოებში ჩაერთო და დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობაც.

მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება პორტის ადრეული საზღვაო სამშენებლო სამუშაოების დაწყება. კერძოდ, დაიწყება რეკლამაცია, რომლის ფარგლებშიც ანაკლიაში დამაღრმავებელი გემი და სხვა საზღვაო და სახმელეთო დიდი რაოდენობით ტექნიკა შემოვა; სამუშაოების ამ ეტაპზე მოხდება 5 მლნ კუბური მეტრი მასალის ამოღება ზღვის ფსკერიდან  110 ჰექტარი ტერიტორიის რეკლამაციის მიზნით.

საქართველოს  პირველი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და ოპერირების დაწყება 2020 წლის მეორე ნახევარში იგეგმება

კომენტარები

დატოვე კომენტარი