ანაკლიის პორტის პარტნიორის, SSA Marine-ს მენეჯმენტი საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის  ტერმინალ-ოპერატორის, უმსხვილესი ამერიკული კომპანიის SSA Marine – ს ვიცე პრეზიდენტი კარლ როჯერ საჰლინი და მთავარი ინჟინერი რიკარდო ჩენგი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. კომპანიის წარმომადგენლები ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების გეგმებს „ანაკლიის განვითრების“ კონსორციუმის მენეჯმენტთან ერთად განიხილავენ. ასევე, ერთი კვირის განმავლობაში თბილისსა და ბათუმში შეხვდებიან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს, ხოლო ანაკლიაშიპორტის პროექტის ტერიტორიას ეწვევიან.

„ჩვენ ჩამოვედით საქართველოში, რათა ჩვენს პარტნიორებთან ერთად ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობას შევუდგეთ. ჩვენ დღეიდან პორტის გაშვებამდე დეტალურად ვიქნებით ჩართულები ყველა სამუშაო პროცესში. ანაკლია იქნება ყველაზე თანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტი შავი ზღვის აუზში“, – განაცხადა SSA Marine-ს ვიცე პრეზიდენტმა კარლ როჯერ საჰლინმა.

„საქართველოში დიდი და მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარებას ვგეგმავთ. ჩვენ უნდა შევქმნათ საუკეთესო გუნდი, სადაც აქცენტს, პირველ რიგში, ქართველ ახალგაზრდებზე გავაკეთებთ, რათა ისინი ახალი პორტის თანამედროვე საოპერაციო და საინჟინრო სპეციალისტებად იქცნენ“, – განაცხადა SSA Marine-ის მთავარმა ინჟინერმა რიკარდო ჩენგმა.

ცნობისთვის: „SSA Marine-ი“ ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 2017 წლის ივნისში დაასახელა. კომპანიას ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერირების უფლება 20 წლის ვადით გადაეცა და პროექტის ერთ-ერთ ინვესტორი გახდა.

„კონტი ჯგუფის“  შემდეგ  „SSA Marine-ი“ მეორე მსხვილი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობასა და განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი