უმსხვილესი ამერიკული კომპანია SSA Marine-ი ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი ხდება, – შესაბამის ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი დღეს მოეწერა. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
ხელმოწერის ცერემონიამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტ რობერტ ვოტტერსთან და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებთან. მხარეებმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებული გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის ეკონომიკური პარტნიორობის საკითხებს და საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს.
პრემიერ-მინისტრმა საუბრისას ხაზი გაუსვა საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისა და იმ დახმარების მნიშვნელობას, რომელსაც ამერიკა საქართველოს უწევს.
„აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი უმნიშვნელოვანესია და საქართველო მადლიერია იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარებისათვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უწევს. აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდასაჭერად გაჟღერებული ძლიერი გზავნილები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და ადასტურებს ამერიკისა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალს. ჩვენ მოწოდებული ვართ, ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას უფრო მეტი ეკონომიკური შინაარსი შევძინოთ – ეს ამ შესანიშნავი თანამშრომლობისა რა მორიგი, არამედ უმთავრესი ნათელი ნიშანია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას.
რობერტ ვოტტერსმა საქართველოს მთავრობის მეთაურს პროექტის დაწყების დღიდან გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ შეიმუშავა ანაკლიის პორტის გენერალური გეგმა და პორტის წინასწარი დიზაინი; განახორციელა 50-ზე მეტი სახმელეთო, საზღვაო ეკოლოგიური და საინჟინრო კვლევა სამშენებლო სამუშაოების სხვადასხვა მიმართულებისთვის; დაწყებულია ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა.
მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი SSA Marine-ი ხუთ კონტინენტზე, 250–ზე მეტ სტრატეგიულ ტერმინალზე ოპერირებს და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ემსახურება. SSA Marine-ი დიზაინის, ოპერირების და პროექტების განვითარების თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების სტანდარტებს ამკვიდრებს.
ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2017 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.