აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯში უდაბნოს მონასტრისაკენ მისასვლელი გზა ჩაკეტეს

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯში უდაბნოს მონასტრისაკენ მისასვლელი გზა ჩაკეტეს. უკვე სამი დღეა, ტაძარში არც ბერებს და არც მომლოცველებს არ უშვებენ.

ბოლო რამდენიმე საათია, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ადგილზე ინტენსიურად მუშაობენ. ისინი აზერბაიჯანის მხრიდან, დავით გარეჯთან მიწას თხრიან.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის მონასტერთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

“პირველ რიგში, ინფორმაციის დაზუსტება დამჭირდება, დარწმუნებული ვარ, თუ რაიმე პრობლემა შეიძლება იყოს რეალურად, ამ პრობლემას აუცილებლად გადავჭრით აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ცნობით, უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ. ამასთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა საქართველოს საგარეო უწყებამ. უწყების ცნობით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან მოხდა გადამკვეთი ნაკადის შეზღუდვა, რის შესახებაც როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე საზღვრის დაცვის შესაბამისმა სამსახურმა აზერბაიჯანელ კოლეგებს მიმართეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი