აზიურ ფაროსანას მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგი ეცნობა

აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით დასავლეთ საქართველოში არსებულ ვითარებას პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი ადგილზე ეცნობა. ამერიკის წამყვანი ენტომოლოგი საქართველოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ეწვია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმ, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა , ამერიკელ პროფესორთან ერთად ზუგდიდის და აბაშის მუნიციპალიტეტებში მავნებლისგან დაზიანებული ფართობები და სიმინდის ყანები მოინახულეს. ვიზიტის ფარგლებში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი არსებული ვითარების ანალიზს გააკეთებს და საქართველოს მთავრობას შესაბამის რეკომენდაციებს მისცემს.

გრეგ კრავჩუკი პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, ენტომოლოგია, რომელიც აზიური ფაროსანას (halyomorpha halys) ბიოლოგიის შესწავლაზე, მისი გავრცელების და ბრძოლის ღონისძიებებზე მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც აღნიშნული მავნებელი 2001 წელს დაფიქსირდა და 2010 წელს აშშ სოფლის მეურნეობას 21 მლრდ დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა. ამერიკის მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად აზიური ფაროსანას პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირდა.

აზიური ფაროსანა საქართველოში 2016 წელს გავრცელდა და განსაკუთრებული ზიანი მეთხილეობის დარგს მიაყენა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, 2016 წლის ბოლოს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით, საქართველოში მოიწვია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგი ამერიკის შეერთებული შტატებიდან გრეგ კრავჩუკი და სპეციალისტები ევროპის იმ ქვეყნებიდან, სადაც მავნებელთან ბრძოლის გამოცდილება გააჩნიათ. უცხოელ სპეციალისტებთან ერთად შემუშავდა მავნებელთან ბრძოლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას – მონიტორინგს, საინფორმაციო კამპანიას და ქიმიური წამლობის ღონისძიებებს მოიცავს.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წამლობა 53 000 ჰექტარ ფართობზე ჩაატარა. შეწამვლითი სამუშაოები გრძელდება და თხილის პლანტაციების მიმდებარე ფართობებზე ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, ხობის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს. საერთო ჯამში დაგეგმილია 30 ათასამდე ჰექტარის შეწამვლა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი