საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ანაკლიაში ადგილობრივებისთვის უკანონოდ ჩამორთმეული მიწების დაბრუნებასთან დაკავშირებით “ქართული ოცნება” დაპირებებს იძლეოდა, თუმცა ამ ეტაპზე საკითხთან დაკავშირებით ზუსტი პასუხი არ აქვს.
ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ზუგდიდში რეგიონული მედიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ზუსტი პასუხი სამწუხაროდ არ მაქვს. დაელოდეთ მთავრობის შემდგომ რეაქციას, რომ ზუსტი განმარტებები მოგცენ კონკრეტულ შემთხვევაზე. რა თქმა უნდა ჩვენ ასეთ დაპირებებს ვიძლეოდით და ვაღიარებთ ნამდვილად. თუ რატომ ვერ მოხერხდა მე დავინტერესდები აუცილებლად და თვითონაც გააკეთებენ რეაქციას.“ – განაცხადა ივანიშვილმა
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ასევე აღნიშნა, რომ ანაკლიაში ადგილობრივების კუთვნილი მიწების ნაწილი იმ ტერიტორიაზე მოექცევა, სადაც უნდა აშენდეს პორტი. მისი თქმით, სახელმწიფო მათ კომპენსაციას გადაუხდის და ისინი ცივილიზებულად მიიღებენ კუთვნილ თანხებს.