დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები პოლიციასთან აქციას მართავენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები მეორე დღეა, აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებმა დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. აქციის მიმდინარეობისას შეუძლოდ გახდა დაკავებულის დედა.

საქმეზე, რომელშიც დგებუაძე ფიგურირებს, გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცრუ ჩვენების მიცემის მუხლებით მიმდინარეობს.

დაკავებულის მამის, ვლადიმერ დგებუაძის თქმით, მისი შვილი ბესიკ დგებუაძე 2018 წლის 21 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, მას ოთხი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და დღემდე სხეულში ორი ტყვია რჩება.

მისი თქმით, პოლიცია ითხოვს ბესიკ დგებუაძისგან დაასახელოს, თუ ვინ ესროლა, თუმცა მის შვილს ეს ინფორმაცია არ აქვს.

ძმები ბესიკ და ჯონი დგებუაძეები შსს-ს ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლებმა 4 აპრილს გამთენიისას დააკავეს. როგორც ოჯახი ამბობს, დაკავება სასამართლო განჩინების გარეშე მოხდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორივეს გირაო შეუფარდა, რაც პროკურატურამ გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, ბესიკ დგებუაძე დააკავეს, რაც შეეხება ჯონი დგებუაძეს, მას 30 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

კომენტარები

დატოვე კომენტარი