დაკავებული როგავების ოჯახი პერმანენტულ აქციებს აანონსებს

5 აპრილს, ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული არჩილ და პაატა როგავების ოჯახის წევრები და ნათესავები ენგურის ხიდთან შეიკრიბნენ და გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.

ოჯახის წევრების  განცხადებით, ხელისუფლებას მათი ოჯახის მიმართ არანაირი ყურადღება არ გამოუჩენია და ამ დრომდე არ აქვთ რეალური ინფორმაცია დაკავებულების მდგომარეობის შესახებ.

“ჩვენთან მხოლოდ ზუგდიდის გამგეობიდან იყვნენ მოსულები და გვითხრეს, რომ ვერაფრით დაგვეხმარებიან. ვითხოვთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში არიან მამაჩემი და ჩემი ძმა. პოლიციას პირადობის ასლები უნდა გაეგზავნა, თუმცა წითელ ჯვარში გვითხრეს, რომ ეს არ მომხდარა. იმ შემთხვევაში, თუ არავინ გამოგვეხმაურება და ყურადღებას არ მოგვაქცევენ, ხვალიდან მთელი ჩვენი სანათესაო და ჩვენ ოჯახის წევრები, აქ დავდგებით და მანამდე არ დავიშლებით, ვიდრე არ გვეცოდინება მამაჩემის და ჩემი ძმის მდგომარეობა”, – განაცხადა თინათინ როგავამ.

დაკავებული არჩილ როგავას მეუღლე ე.წ. აფხაზურ საგუშაგოსთან იმყოფებოდა ენგურის ხიდის გაღმა, საიდან დაბრუნების შემდეგაც განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება სათანადო ყურადღებას არ გამოიჩენს, ის და მისი ოჯახის წევრები ყველა გზით შეეცდებიან აფხაზეთში გადასვლას და ვითარების ადგილზე გარკვევას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი