დაპირისპირება “ნაციონალური მოძრაობის” კონფერენციაზე პოლიტ.საბჭოს წევრობის კანდიდატთა სიის გაზრდით დასრულდა

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ კონფერენცია დაპირისპირების ფონზე დაიწყო. დელეგატებს პოლიტსაბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით პრეტენზიები ჰქონდათ. ღონისძიებას პარტიის ლიდერების ნაწილი თბილისიდან შეუერთდა. დელეგატებს ინტერნეტით ექსპრეზიდენტმაც მიმართა, თუმცა რაზე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმა, უცნიბია, რადგან მედიისთვის ღონისძიება დახურული იყო.

ხმაურის მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში პოლიტსაბჭოს წევრობის კანდიდატთა სია გახდა. დელეგატების ნაწილი ზოგიერთი კანდიდატის ამოღებას, ნაწილი კი შეყვანას ითხოვდა, რის გამოც რამდენიმე მათგანმა კონფერენცია საერთოდ დატოვა

შიდაპარტიულ საარჩევნო ბიულეტენებში 6 კანდიდატი იყო დარეგისტრირებული, თუმცა უთანხმოების შემდეგ გადაწყდა, რომ კონსესუსის მიღწევის მიზნით სიაში ორი კანდიდატი – ზუგდიდის ყოფილი გამგებელი ალექსანდრე ქობალია და პარტიის ფოთის ორგანიზაციის წევრი დარეჯან ცხვიტარია ჩაემატებინათ. მოგვიანებით, ხმაურიანი პროცესი პარტიის წევრებმა დემოკრატიულ პროცესად შეაფასეს, დაპირისპირება კი უარყვეს

არსებული ინფორმაციით, ხმაურის კიდევ ერთი მიზეზი ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ლევან კონჯარიას და მარტვილის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ზაალ გოროზიას კანდიდატთა სიიდან ამოღების მოთხოვნა იყო, რაც არ დაკმაყოფილდა. თუმცა პარტიის წევრებმა ინფორმაცია ამ შემთხვევაშიც უარყვეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი