დავით უსუფაშვილი: “სხვა კანდიდატები ტყუილი დაპირებებით ცდილობენ ფონს გასვლას, მე ამომრჩევლის მოატყუებას არ ვაპირებ”

„შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი ზუგდიდელ ამომრჩევლებს და პარტიის წევრებს შეხვდა. კანდიდატმა იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელთა განხორცილებასაც გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს.

“ქვეყანაში სახელმწიფობანას თამაში უნდა დასრულდეს, „ოცნება“ გასაშვებია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი – არმოსაშვები, ამიტომ არჩევანი ხალხმა „არმოსაშვებს და გასაშვებს“ შორის კი არ უნდა გააკეთოს, არამედ იმ წამყვან ლიდერებსა და პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებსაც რეალური ცვლილებების გატარება შეუძლიათ. ახალმა ხელისუფლებამ ძველის „რეკორდები მოხსნა“, შედეგად კი ქვეყანა ინგრევა, საზოგადოებები იხლიჩება, რაც უნდა დასრულდეს. მკაფიო სიგნალებს ვიღებთ მოსახლეობისგან, რომ დავიღალეთ ამ გაუთავებელი მტრობით და ქიშპობით. ჩემი სლოგანია „მეტი შეგვიძლია“. უკუღმართმა პოლიტიკურმა სისტემამ საზოგადოებაში გააჩინა განცდა, რომ მეტი აღარ შეგვიძლია. სინამდვილეში ინდივიდუალურად მეტი შეგვიძლია, რეგიონებსაც მეტი შეუძლიათ და ქვეყანას მეტი შეუძლია. ერთად ყოფნით მეტი შეგვიძლია, უკეთესი ქვეყნის აშენება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, სხვა კანდიდატები ტყუილი დაპირებებით ცდილობენ ფონს გასვლას, თავად კი ამომრჩევლის მოტყუებას არ აპირებს.

“აუცილებელია ადამიანების სახელისუფლო წნეხისგან გათავისუფლება, რაც მათ დღემდე არ აძლევთ საშუალებას, თამამად გამოხატონ საკუთარი პოზიცია სხვადასხვა საკითხზე, სამსახურის დაკარგვის შიშით.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი