144-მა დევნილმა ოჯახმა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში, საცხოვრებელი ბინები მიიღო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, მინისტრის მოადგილემ გოგი ფაცაციამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ დევნილ ოჯახებს ბინების პირადად გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს.
2 თორმეტსართულიან კორპუსში არსებული ბინებიდან 72 ერთოთახიანი, 48 ოროთახიანი და 24 კი სამოთახიანია. კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, ზუგდიდში 7 ნგრევადი ობიექტი დაიხურა და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცათ. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე კიდევ 4 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც 2017 წლის ბოლომდე ბინას 288 დევნილი ოჯახი მიიღებს.
ბინების გადაცემის დროს ბარამიას ქუჩაზე უკმაყოფილო დევნილებიც მივიდნენ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ კომისიამ არასამართლიანად გაანაწილა ბინები და მძიმე ყოფით პირობებში მცხოვრები დევნილები სიის გარეთ დატოვა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ კი აღნიშნა, რომ კომისია კანონის სრული დაცვით მოქმედებდა.