დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი – პრემიერი მელიას დაკავებაზე

ეს არის აბსოლუტურად ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტი, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას.

პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და პოლიციას მადლობა გადაუხადა.

„რაც შეეხება ზოგადად პრაქტიკას და გამოყენებულ მეთოდებს, ეს არის აბსოლუტურად ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტი. დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, ის რაც არის ევროპული, თანამედროვე, ამერიკიული დემოკრატიების სტანდარტების შესაბამისი. და ბოლოს, გეტყვით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მოქალაქის საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებას დავიცავთ კონსტიტიციულ ფარგლებში, ჩვენ ასე გვესმის კანონის უზენაესობა და დემოკრატიის მთავარი პრინციპები, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ დათქმით, რომ ყველაფერი უნდა იყოს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გომელაურს და პოლიციას, ვამაყობ თქვენით!“, – განაცხდა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს.

„მე გუშინ ვრცლად ვისაუბრე ნიკა მელიასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ნიკა მელია არის კრიმინალი. სხვა საქმეზე, „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, მას აქვს მისჯილი და სასამართლომ დაადგინა, რომ იგი არის კრიმინალი. ეს მეორე საქმეა, რომელზეც პოლიციამ დღეს დილით, მაღალპროფესიონალური სპეცოპერაციის შედეგად დააკავა იგი. ეს უკავშირდება სწორედ ამ შენობის, პარლამენტის, შტურმის ორგანიზებას, რომელიც მან და მისმა თანაორგანიზატორებმა დაგეგმეს და რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების გამოცდა გადაწყვიტეს. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს. ყველა, განურჩევლად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ გემოვნებისა, არის ვალდებული დაემორჩილოს კანონის აღსრულებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი