ძლიერმა ქარმა ზუგდიდიც დააზარალა

სტიქიის შედეგებს ებრძვიან ზუგდიდშიც, სადაც ძლიერმა ქარმა რამდენიმე სოფელს პრობლემები შეუქმნა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, მოგლეჯილია ხეები სოფლებში ნაცატუში, ტყაიაში, ჩხორიაში, ინგირში, ზედაეწერში, რუხში, რიყესა და ჭკადუაშში. რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი.

ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, პრობლემები შეიქმნა ენერგომომარაგების კუთხითაც, თუმცა ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგენილია. პრობლემის საბოლოოდ აღმოსაფხვრელად კი “ენერგო პრო ჯორჯიას” ჯგუფები აქტიურად მუშაობენ.

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახური წაქცეული ხეებისგან საავტომობილო გზებსა და საკარმიდამო ტერიტორიებს ათავისუფლებს. ამ დროისთვის გზებზე გადაადგილება თავისუფალია. მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა და გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. ლაშა გოგიამ დაზარალებულ ოჯახებს პირველადი დახმარების სახით წყალგაუმტარი ბრეზენტი გადასცა. გამგებლის ინფორმაციით, სპეციალური ჯგუფი უკვე შექმნილია და ვითარების გამოსასწორებლად საველე სამუშაოები მიმდინარეობს, აგრეთვე შეიქმნება ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია. გამგებლის განმარტებით, ზარალის დადგენის შემდეგ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები მუნიციპალიტეტის გამგეობისგან შესაბამის დახმარებას მიიღებენ”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი